აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2015 წლის სამი თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2015 წლის ბოლო სამი თვის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურში დავალიანების გადახდის შესახებ 4 573 აპლიკაცია შევიდა.

ბიუროს ინფორმაციით, 2015 წლის ბოლო 3 თვის მანძილზე აპლიკანტს მრჩევლების მიერ ხარვეზით დაუბრუნდა 121, ხოლო ქეის მენეჯერებს გადაეცათ 3 827 აპლიკაცია.

"ქეის მენეჯერების მიერ 2015 წლის ბოლო 3 თვის მანძილზე წარმოებაში მიღებული 3 827 აპლიკაციიდან დასრულდა 2 729, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 61 საქმეზე, ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა 211-ს, ხოლო მორიგებით დასრულდა 453 საქმე", - აცხადებენ ბიუროში. მათივე თქმით, აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2015 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით.

"სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს", - განაცხადეს ბიუროში.