აფბა - სააკაშვილის განკარგულებით, 9 მლნ დოლარის ქონება, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, ერთ ლარად გასხვისდა

"ნაციონალური მოძრაობის" საპრივატიზაციო პოლიტიკა კორუფციული გარიგებების ნიშნებს შეიცავს , - ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა, ზურა კუკულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ციხისძირში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიების მფლობელების შესახებ ინფორმაცია აფბა-მ ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

"ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 90 378 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 199 კვადრატული მეტრი შენობა ნაგებობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2011 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა პანამაში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას REDMAN FEDERATION INC-ს", - განაცხადა ზურა კუკულაძემ.

მისივე თქმით, მიღებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი კომპანია იღებს გარკვეულ საინვესტიციო ვალდებულებას, რომელიც, როგორც წესი, გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე მიღებული ქონების საბაზრო ღირებულება.

"ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ აღნიშნული ქონების სიმბოლურ ფასად მიღების დროს REDMAN FEDERATION INC-ს რაიმე საინვესტიციო ვალდებულება არ აუღია. აღნიშნული გარიგების შესახებ ორი დოკუმენტია გაფორმებული, – პრეზიდენტის განკარგულება და ნასყიდობის ხელშეკრულება, ორივე დოკუმენტში პრივატიზების ერთადერთ პირობად სიმბოლური თანხის, – 1 ლარის გადახდა სახელდება. ჩვენი მოკვლევით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარია. შესაბამისად, გამოდის, რომ აჭარის სანაპიროზე, პრესტიჟულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, გაჩუქებულ იქნა. ჩვენ ვთვლით, აღნიშნული გარიგება ეწინააღმდეგება ყველანაირ ეკონომიკურ ლოგიკას, აქ საუბარია არა მხოლოდ დანაკარგზე, რაც სახელმწიფოს შეიძლებოდა აღნიშნული ქონების პრივატიზაციით მიეღო, არამედ აჭარის რეგიონში საინვესტიციო პროცესის შეფერხებაზე, – ვინაიდან მყიდველმა ეს ქონება საინვესტიციო პირობის გარეშე მიიღო, მას არ ჰქონია ამ ტერიტორიის განვითარების მოტიცაცია, შესაბამისად შავი ზღვის პირას, მაღალი საინვესტიციო პერსპექტივის მქონე აქტივი ეკონომიკური პროცესიდან ამოვარდა" , - განაცხადა კუკულაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული გარიგება და ამ გარიგების მოტივაცია არის ძალიან ბუნდოვანი და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას.

აფბა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ აღნიშნული გარიგების გარემოებები, მოიძებნოს ამ ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმები და დაისაჯონ ამ გარიგებაში მონაწილე პირები.

აფბა ასევე მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადაამოწმებს პრეზიდენტის განკარგულებით სიმბოლურ ფასად ქონების გასხვისების შემთხვევებს, შეისწავლის მსგავსი გარიგებების მიზნობრიობას და ეკონომიკურ ლოგიკას.