„ავიაგადაზიდვები ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოშია“

ქართული სოკოს ფასს უცხოეთის ბაზრებზე გატანისას ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად აძვირებს, რადგან საქართველოში ავიაგადიზიდვები ძალიან ძვირია.

ამის შესახებ კომპანია ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა ივანე იოსელიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული ტარიფები ბევრად აღემატება როგორც ევროპის საშუალო ფასს, ასევე მეზობელი ქვეყნების ფასებს.

”ავიაგადაზიდვები ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოშია. ძალიან დიდი ტარიფებია. 3-ჯერ, 4-ჯერ აღემატება მეზობელ ქვეყნებსაც, ევროპულ საშუალო ფასსაც. დღევანდელი სიტუაციით, მე რომ დუბაიში სოკო გავუშვა, დაახლოებით, 3 დოლარამდე დამიჯდება 1 კგ-ის აქედან დუბაიში ტრანსპორტირება. ძალიან ძვირი ჯდება. იგივე სომხეთიდან სოკოს ტრანსპორტირება ავიაგადაზიდვებით 50 ცენტი ჯდება, ამსტერდამიდან - 30-40 ცენტი”, - განაცხადა ივანე იოსელიანმა.

კომპანია ”თეთრი ქუდი” 2010 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობა სოკოს რეალიზაციას, წარმოებასა და დისტრუბუციას მოიცავს.

გადაცემა "ბიზნესპერსონას" სრული ვერსია იხილეთ ხვალ, 20 თებერვალს, PALITRANEWS-ის ეთერში, 20:10 საათზე