გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაური და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია. გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.