ნოდარ ხადური კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საბანკო სექტორს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომდგენელთა მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საბანკო სექტორის ჩართვა.

"მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება სხვა ტიპის ბიზნეს ასოციაციებთან, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებთან, იცით, რომ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან. ასე რომ, ვიმუშავებთ ძალიან გახსნილად, რათა მაქსიმალურად მეგობრული გარემო შევქმნათ ბიზნესისთვის და ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.