უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სამართალდამცველებმა აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ძვირადღირებული სომხური კონიაკი "არარატის" და სიგარეტების "მარლბოროს" და "პარლამენტის" რეალიზაცია მოახდინეს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი "არარატის" და სიგარეტების "მარლბოროს" და "პარლამენტის" რეალიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.