გიორგი კვირიკაშვილმა რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი დაათვალიერა

სამეგრელოში, რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას, - ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 მილიონ ლარამდე ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, 10 შენობიანი კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა რეგიონში, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრში შემოსასვლელად ემზადებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები.

ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება.