მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები აშშ და რუსეთი არიან

ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები აშშ და რუსეთი არიან. ამის შესახებ "სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის" კვლევაშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, აშშ-დან იარაღის ექსპორტი 2011-2015 წლებში 2006-2010 წლებთან შედარებით 27 პროცენტით გაიზარდა. რუსეთიდან კი იარაღის ექსპორტის მოცულობამ 28 პროცენტით იმატა. იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შევიდნენ ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია.

რაც შეეხება იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ინდოეთია. მეორე ადგილი ამ მხრივ საუდის არაბეთმა დაიკავა, სადაც 2011-2015 წლებში 2006-2010 წლებთან შედარებით იარაღის იმპორტი 275 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში ყატარში ეს მაჩვენებელი 279 პროცენტით გაიზარდა. ეგვიპტეში კი ბოლო 10 წლის განმავლობაში იარაღის იმპორტი 37 პროცენტით გაიზარდა.

"მიუხედავად ნავთობის ფასების შემცირებისა, დიდი რაოდენობით იარაღის იმპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განხორციელდა", - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა იარაღის იმპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 217 პროცენტით გაზარდა. ევროპაში კი პირიქით, იმპორტი ამავე პერიოდში 41 პროცენტით შემცირდა.