სოფელ სალიბაურში #1 საჯარო სკოლა გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში დღეს #1 საჯაროს სკოლა გაიხსნა. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მშენებლობა სამინისტროს ქვეპროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში 2015 წელს დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ახალი სკოლის თანამედროვე სტანდარტებით აშენებისა და ინვენტარიზაციისთვის 930 000 ლარი დაიხარჯა. სამსართულიან სასწავლო კორპუსთან ერთად დამოუკიდებლად მდებარე სპორტული დარბაზი აშენდა. კეთილმოწყობილი გარემო, სველი წერტილებითა და გათბობის სისტემით, მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. მოეწყო ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკის ოთახი და ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია. 293 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში 24 პედაგოგი მუშაობს.

რეგიონის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო გარემოს შექმნას, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა, რომელთაგან 27 რეაბილიტირებულია. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბოლო 3 წლის მანძილზე 8 432 307 ლარი დაიხარჯა. ამ პერიოდში აჭარაში აშენდა 7 ახალი საჯარო სკოლა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 22 სკოლას, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 14 სკოლაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 4 სკოლის მშენებლობა და წლის ბოლომდე 9 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.