ბორჯომში კიდევ ერთი სოციალური პროგრამა ამოქმედდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, 2016 წლიდან მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებს კიდევ ერთი პროგრამა დაემატა.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პროგრამა ითვალისწინებს შშმ სტატუსის მქონე ენცელოპათიით, პარკინსონის დაავადების რიგიდული ფორმით და 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეებისათვის კვარტალურად 100 ლარის მედიკამენტებით დახმარებას.

მათივე ინფორმაციით, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე წელია მოქმედებს.

გამგებლის განმარტებით, მუნიციპალიტეტი 150 ლარის ღირებულების მედიკამენტებით ეხმარება იმ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარში ყოფნის შემდეგ ესაჭიროებათ რეაბილიტაცია და "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" უფიქსირდებათ სარეიტინგო ქულა 0 -160 000-მდე.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმართველობის მიერ ხდება ონკოლოგიური ავადმყოფების (1 და 2 კლინიკური ჯგუფი) დახმარება წელიწადში 1000 ლარით.

"წინა წელს ჩვენ დავიწყეთ ბორჯომში დიალიზზე მყოფი პაციენტების დახმარების პროგრამის ამოქმედებაც. ადგილობრივი ხელისუფლება ბენეფიციარებს მედიკამენტების შესყიდვაში ყოველთვიურად 50 ლარით ეხმარება. ამასთანავე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანების მიერ სახელმწიფო პროგრამის სარგებლობისას დარჩენილი თანხის ანაზღაურებას", -განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.