შენგენის ზონის დაშლის შემთხვევაში ევროპის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას ვარაუდობენ

შენგენის ზონის დაშლა და სასაზღვრო კონტროლის დაწესება ევროკავშირში ევროპის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას გამოიწვევს, - ამის შესახებ გერმანული საკონსულტაციო კომპანია Prognos AG-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც მან ფონდ Bertelsmann-ის დაკვეთით მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ გერმანიის დანაკარგები 2025 წლისთვის 77 მილიარდი ევროდან 235 მილიარდ ევრომდე იქნება.

"თუ ევროპაში კიდევ დაწესდება ბარიერები, რეგიონის ისედაც სუსტი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ მოექცევა გრძელვადიან პერიოდში", - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა არტ დე გეუსმა.

მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვა დანახარჯებს გაზრდის, რაც ევროკავშირის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამასთან, როგორც მან განაცხადა, ყველაზე პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, გერმანია 235 მილიარდ ევროს დაკარგავს, საფრანგეთი 244 მილიარდ ევროს, ხოლო მთლიანი ევროკავშირი 1,4 ტრილიონ ევროს.