"ნათინვესტის" თხილი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის

შპს ,,ნათინვესტმა” საექსპორტო ბაზარი გააფართოვა.

ამჟამად საწარმო დამუშავებული თხილის გული ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის. საწარმოს დირექტორის დათო სვანიძის თქმით, ბოლო დროს ყველაზე დიდი მოთხოვნა იტალიიდან და გერმანიიდან დაფიქსირდა. საწარმო მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული და იტალიისა და გერმანიის გარდა ჩეხეთთან, ბელგიასთან, ირანთან, რუსეთთან და ბალტიისპირა ქვეყნებთან თანამშრომლობს.

როგორც ,,ნათინვესტის” დირექტორი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, 1 კილოგრამი თხილის საექსპორტო ფასი 6 დოლარი და 50 ცენტია. მისი თქმით, თხილის ღირებულება შარშანდელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. ამ ფაქტს დათო სვანიძე თურქეთის ბაზრის გავლენას უკავშირებს.

"ფასის ვარდნა თურქეთის ფაქტორმა გამოიწვია. როგორც იცით, თურქეთი მსოფლიოს აწვდის ამ პროდუქციის 75%-ს. შარშან ამ ქვეყანაში მოსავალი ძალიან მცირე რაოდენობით იყო, რამაც დანარჩენ საექსპორტო ქვეყნებს თხილზე რეკორდულად მაღალი ფასის დაწესების შესაძლებლობა მისცა. ვეჭვობ, ასეთი სიტუაცია კიდევ განმეორდეს”, - აღნიშნავს სვანიძე.

მისი თქმით, თხილის ფასი წლევანდელ სეზონზე სერიოზული ცვალებადობით ხასიათდებოდა. ,,ნათინვესტის” დირექტორი აცხადებს, რომ თხილის ღირებულება წელს 6-დან 7 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილობივ ბაზარზე ტენიანი თხილის საშუალო ფასი 6 ლარია.

საწარმო, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა, ზუგდიდში მდებარეობს. მასში მუდმივად 50 ადამიანია დასაქმებული. "ნათინვესტში" საერთო ჯამში 430,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 172,000 აშშ დოლარი მეწარმემ - გრანტის, 215,000 აშშ დოლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით მიიღო. ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 43 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ქრისტინე გამთენაძე