გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიებს ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტსა და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.

"თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშნებლობაში, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ მეტი მოხდება,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზეც ესაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ.

მისივე განმარტებით, რეფორმების პროცესს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო 4 პუნქტიანი გეგმის არსი, რომელიც, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის შეფასებით, ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს..

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს საპენსიო რეფორმაზეც ესაუბრა, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იმუშავებს.

სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.

,,ეს იქნება დინამიური კვლევა უახლოესი 5 წლისთვის, რათა განვსაზღვროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დასჭირდება. სახელმწიფო რესურსი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებზეც იქნება რეალური მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით," - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.