რა უნდა ვიცოდეთ დეპოზიტის  გახსნისას

რატომ უნდა გავხსნა დეპოზიტი? რას ნიშნავს საპროცენტო განაკვეთი და სარგებელი?

როგორ ითვლის ბანკი, თუ რა სარგებელი უნდა დამერიცხოს დეპოზიტზე გარკვეული პერიოდის შემდეგ? რა დრო დასჭირდება ბანკს ჩემს დეპოზიტზე არსებული თანხის გასაორმაგებლად?

ეს კითხვები ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება, როდესაც ფულის დაზოგვის მიზნით ბანკში დეპოზიტის გახსნაზე ფიქრობს. დღევანდელ სამყაროში, ყველასათვის ცნობილია, რომ ფულის სახლში უმოქმედოდ შენახვას, სჯობს მისი ბანკში დეპოზიტზე განთავსება, რადგან ამ შემთხვევაში მასზე დაგვერიცხება გარკვეული სარგებელი. ეს სარგებელი კი ბანკების მიერ ინდივიდუალურად დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით განისაზღვრება. საპროცენტო განაკვეთები განსხვავდება, მათ შორის, დეპოზიტის ვადის, ანუ პერიოდის, დეპოზიტის ტიპის/მიზნობრიობის, და ვალუტის მიხედვით, რომელშიც ხსნით დეპოზიტს. დეპოზიტი შეიძლება იყოს როგორც უვადო (მათ შორის, მოთხოვნამდე), ისე ვადიანი; ამასთან, ბანკები თავად წყვეტენ თუ რა მინიმალური თანხა უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, რათა მან შეძლოს ამა თუ იმ ტიპის დეპოზიტის გახსნა. თითოეულ დეპოზიტს განსხვავებული პირობები აქვს, და გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელი მათ კარგად უნდა გაეცნოს - მაგალითად, მოთხოვნამდე დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე ვადიან დეპოზიტზე; ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში კი შესაძლოა საპროცენტო სარგებელი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდით, დაკარგოთ, და ა.შ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი (ისევე, როგორც სესხის საპროცენტო განაკვეთი) შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ისე ცვლადი, ანუ გარკვეულ ინდექსზე მიბმული, როგორიცაა, მაგალითად, ლარისთვის - ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო დოლარისთვის - LIBOR. დაბოლოს, კარგად დაფიქრდით, სანამ სესხის ვალუტას აირჩევდეთ: გაიაზრეთ, თუ რა ვალუტაში გაქვთ შემოსავალი, და დაიმახსოვრეთ, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი უცხოური ვალუტის სესხის შენატანების ღირებულება ლარში.

მომხმარებლებს დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები და სხვა პირობები შეუძლიათ შეამოწმონ ბანკების ვებგვერდებსა და ფილიალებში. ზოგადად კი, გირჩევთ კარგად განსაზღვროთ დაზოგვის მიზანი და შესაბამისად, დეპოზიტის ტიპი, ვადა და ვალუტა, გაეცნოთ რამდენიმე ბანკის შემოთავაზებას, და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და სარგებლიანი ვარიანტი.

ჩვენთვის შესაფერისი დეპოზიტის არჩევის შემდეგ, ცხადია, გვაინტერესებს თუ როგორ არიცხავს ბანკი საპროცენტო სარგებელს ჩვენს დეპოზიტს. ამის გარკვევაში, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეოები დაგეხმარებათ.

იხილეთ გაგრძელება