რა შეიცვლება სამშენებლო სექტორში?

„მხოლოდ K2 ან K3 კოეფიციენტის შეცვლა რეალურ ცვლილებებს ვერ მოგვიტანს“

დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებზე სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთგზის დაწერილა და ამ პრობლემაზე მსჯელობა უკვე თბილისის მერიამ დაიწყო. ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განაცხადებით, მერიაში მუშაობენ მშენებლობაში არსებული წესების ახალ რედაქციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება. შეზღუდვა პირველ ყოვლისა ე.წ. K2 -ის კოეფიციენტების მატებას შეეხება და ძალაში დარჩება, ვიდრე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდება. მერია იმედოვნებს, რომ ამ გზით თბილისში ქაოტური მშენებლობები შემცირდება. როგორც ამ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია აღნიშნულ კოეფიციენტს ყიდულობდა და თავის ობიექტს რამდენიმე სართულს ამატებდა. ახლა კი, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან მერიამ K2 კოეფიციენტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა.

როგორც კომპანია „აი ჯი ეს ჯგუფის“ ფინანსური მენეჯერი, მშენებლობის ექსპერტი შოთა გუჯაბიძე ამბობს, მხოლოდ ერთი, ან ორი კოეფიციენტის ცვლილება ამ სექტორში ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან კომპლექსური ცვლილებებია საჭირო:

შოთა გუჯაბიძე: „K2 კოეფიციენტი არის საერთო მოცულობა იმ ფართისა, რომელიც შეიძლება აშენდეს მოცემულ მიწის ნაკვეთზე. ვთქვათ, მიწის ნაკვეთი არის 1000 კვ.მეტრი, ხოლო K2 არის 1,8, მაშინ შეგვიძლია ავაშენოთ 1800 კვ.მ. ფართობი. ხოლო თუ K2 კოეფიციენტი მატულობს, მაშინ მოცულობა თავისთავად გადანაწილდება სიმაღლეზე. ამ რეგულირების შემოღება ძალიან კარგია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება. K2 არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ცალკე განსახილველი პარამეტრი, ამიტომ ცალკე ამ კოეფიციენტის ცვლილება სამშენებლო სექტორში არსებით ცვლილებებს ვერ მოიტანს, ეს არის ერთი მცირე რეგულაცია იმ დიდ ორგანიზმში, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარი ჰქვია, თუმცა შეიცვლება ის, რომ მშენებლობა გარკვეულ წესრიგს დაექვემდებარება: ძველ თბილისში და მის ისტორიულ უბნებში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ასე თავისუფლად ვეღარ ააგებენ. ადრე K 2 კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი იყო, ახლა კი სტანდარტი ყველასთვის ერთი იქნება, შედეგად, ცალკეულ ობიექტებს ან კერძო პირებს აღარ ექნებათ საშუალება, რომ შეისყიდონ, ან ფულით შეცვალონ რაღაც. მართალია, ეს ცვლილებები მიმართულია ამ სფეროს რეგულირებისკენ, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს ზღვაში წვეთია“.

ექსპერტი მიესალმება იმას, რომ გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც ანუ K3, რომელიც 10%-ის ნაცვლად, 20% გახდება.

„ეს ძალზე კარგი სიახლეა, რადგან დედაქალაქის გამწვანებას შეუწყობს ხელს. ზოგჯერ სამშენებლო ობიექტის ადგილას ხეებს ჩეხავენ. წესით, ამ ადამიანებმა ხელახლა უნდა იზრუნონ იმ ადგილის გამწვანებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ფუძეს, რომელსაც შენობის ადგილი დაეთმო, სახურავზე გადავიტანთ. კარგი იქნება სახურავებზე, ტერასებზე თუ ვერანდებზე რომ ავიტანოთ გამწვანება - ამით ჩვენი დედაქალაქი უფრო გამწვანებული და ლამაზი გახდება“, - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

შოთა გუჯაბიძის თქმით, ქალაქის განვითარების გეგმაში ყველაფერი უნდა იყოს ჩადებული: ისტორიული უბნების იერსახე, დასაშვები ნორმები, არქიტექტურული სტილიც უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მშენებლობის გამო ქაოსი არ შეიქმნას. „დედაქალაქში ძველი თბილისური სტილი იკარგება, ბევრი უგემოვნო ნაგებობა ჩნდება და ეს ქალაქის იერსახეს ძალიან ამახინჯებს. ირგვლივ მახინჯი ბლოკების გროვას არ უნდა ვხედავდეთ და რაც ყველაზე მთავარია, მშენებლობა ამ უძველეს ქალაქს არ უნდა ამახინჯებდეს“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე.

სამშენებლო სექტორში შექმნილ სიტუაციას გაცილებით მწვავედ აფასებს ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე:

„მშენებლობაში და სამშენებლო ბიზნესში დღეს მართლაც რომ სრული ქაოსი და განუკითხაობაა. მშენებლობის ხარისხი ნებაზეა მიშვებული, მოსახლეობა ელოდება სამშენებლო კოდექსს, რომელიც ყველაფერს დაარეგულირებს, მაგრამ ეს კოდექსი იგვიანებს. ჩემი აზრით, საქართველოში მშენებლობას არაფერი ეშველება მანამ, სანამ მშენებლობის სამინისტრო არ აღდგება. მთელ მსოფლიოში მაკონტროლებელი არის მშენებლობის სამინისტრო, რომელიც ჯერ არსად, არცერთ ქვეყანაში გაუქმებულა. სხვათა შორის, ეს სამინისტრო ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშია. უკრაინაში გააუქმეს და შექმნილი ქაოსის გამო ორი წლის თავზე სასწრაფოდ აღადგინეს, ჩვენ კი, 12 წელია გავაუქმეთ და ახლა მის აღსადგენად ყურსაც არ ვიბერტყავთ. მშენებლობაში უგულვებელყოფილია სამშენებლო და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, ენერგოეფექტურობის ნორმები და ამას ვერავინ აწესრიგებს. იმედია, რომ მომავალში რაღაც მაინც შეიცვლება, თუმცა მე ამის იმედი ნაკლებად მაქვს.

მთელ მსოფლიოში იზრდება სეისმომედეგობის დონე, ჩვენთან კი ამ საკითხსაც არავინ აქცევს ყურადღებას. შეჩერებული მშენებლობების დასრულება ხომ საერთოდ არ შეიძლება, რადგან ეს შენობები ყველა დასაშლელია. რატომ? - არცერთი მათგანი არ შეესაბამება 8-ბალიან სეისმომედეგობას. მით უმეტეს, რომ ბევრი ქვეყანა უკვე 9-ბალიანი შენობების აგებაზეა გადასული. ჩვენთან კი რა ხდება? - ბალიანობას ვინღა უყურებს, 5-სართულიანების ნაცვლად 10-სართულიან სახლებს აშენებენ და 12-სართულიანის ნაცვლად - 32-სართულიანებს. კანონს არღვევენ და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ისეთ შენობებს ვაშენებთ, როგორსაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში უკვე ანგრევენ. ამიტომ, ამ დარგში კომპლექსური, სერიოზული ცვლილებებია საჭირო, მხოლოდ K2 ან K3 კოეფიციენტის შეცვლა რეალურ ცვლილებებს ვერ მოგვიტანს“.

ხათუნა ჩიგოგიძე