ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროექტების მიღებას აცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროფესიონალი ტრენერებისა და ტრენინგ კომპანიებისაგან ტექნოლოგიურ პარკში ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის თემატიკაზე, მოკლევადიანი ტრენინგების (ვორქშოფების) ან/და სემინარების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პროექტების მიღებას აცხადებს.

როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, ვორქშოფების/სემინარების მიზანია სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროთი; სტარტაპებისათვის ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ახალი მეთოდოლოგიების, ტრენდებისა და ინფორმაციის გაზიარება.

ტრენინგების/ვორქშოფების/სემინარების სამიზნე ჯგუფი უნდა შეადგენდეს ერთ-ერთს ან რამდენიმეს შემდეგ ჩამოთვლილთაგან - 8-დან-14 წლამდე ასაკის მოზარდები; სხვა ასაკის ფიზიკური პირები; სტარტაპები და მეწარმე სუბიექტები.

ტრენინგ კომპანიებმა/ტრენერმა საჭიროა ორგანიზება გაუწიოს ტრენინგს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, ან რამდენიმე მიმართულებით - მიკროელექტრონიკა და რობოტიკა; საინფორმაციო ტექნოლოგიები; 2D და 3D მოდელირება; მეწარმეობა ინოვაციების სფეროში (Innovation Entrepreneurship); ,,ციფრული წარმოება" (Digital Fabrication); კომპიუტერული თამაშების წარმოება; კრეატიული ინდუსტრიები; კრეატიული აზროვნება; სამეცნიერო გამოგონებები და სხვა ტრენინგები და სემინარები ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის თემატიკაზე.

თითოეული ღონისძიების ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათია. ღონისძიების ჩატარების ადგილია ტექნოპარკი ინოვაციების ქ.#7 თბილისი (ოქროყანა).

რაც შეეხება მოვალეობებს, ესენია - ტრენერების მოძიება და პროგრამის შედგენა; მონაწილეთა შერჩევა; სატრენინგო პროცესის სრული ორგანიზება და პროექტის რეპორტინგი.

პროექტები მიიღებაა 11 მარტის ჩათვლით მისამართზე - trainings@gita.gov.ge.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, განაცხადების მიღება ხდება სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე. შემოთავაზებაში პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი დეტალურად უნდა იყოს აღწერილი.