გია ხუხაშვილი: „მაესტროს“ საქმე ბნელ ოთახში შავი კატის ყიდვას ჰგავს“

,,ეკონომიკურად სრული აბსურდი იკვრება. გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს აქტივებისთვის კი არა, ვალებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის ებრძვიან?!“

"მაესტროს" კრედიტორები ისევ აღიარების მოლოდინში არიან. თბილისის სამოქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს ჩანიშნული კრედიტორთა სხდომა 15 მარტამდე გადაიდო.

,,მაესტროს” აღმასრულებელი დირექტორი ბაია გადაბაძე კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებას ითხოვს. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანიას ჯამში 92 მევალე ჰყავს და მათ წინაშე შპს "სტუდია მაესტროს“ ვალდებულებები 54 მილიონ ლარს აჭარბებს.

ვრცელ კრედიტორთა სიის სათავეში კომპანიის 25%-ის მფლობელი მაკა ასათიანია. როგორც ცნობილია, ტელეარხს მის წინაშე, შპს ,,სტუდია მაესტროს“ ქონებით უზრუნველყოფილი, 49 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. კრედიტორთა ჩამონათვალში ასევე დაფიქსირებულია ვალები - ,,მაგთიკომის,” ,,სილქნეტის,” ,,თი ბი სი ბანკის,” ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის,” ,,ალფა კომის,” ,,ახალი ქსელების,” ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” წინაშე და ასევე საგადასახადო-საბიუჯეტო ვალდებულებები.

ვის და რატომ აწყობს კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება, რატომ იბრძვიან ,,გაკოტრების“ პირას მისული კომპანიის ხელში ჩასაგდებად დაპირისპირებული მხარეები და როგორია მაესტროში არსებული ფინანსური მდგომარეობა? – საკითხით ,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა.

კომპანიის 55%-იანი წილის და შესაბამისად, მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებით, ბაია გადაბაძე მაკა ასათიანის ქმრის, კოტე გოგელიას დავალებას ასრულებს. ირაკლი კორძახია ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მაესტროს გაკოტრებულად გამოცხადების გზით, გოგელიას მთელი აქტივების ხელში ჩაგდება სურს.

,,იმ შემთხვევაში თუ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდება, გაიყიდება „მაესტროს“ აქტივები და გოგელია კომპანიის მთელ ქონებას თავის ვალში აიღებს. გადაბაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, „მაესტროს“ ქონება 10 მილიონი ლარია. გოგელიას წინაშე კომპანიის დავალიანება კი 50 მილიონამდეა. მინდა ვთქვა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი დოკუმენტალურად არ დასტურდება და საერთაშორისო აუდიტის BDO-ს მიერ გაკეთებული დასკვნით, ეს ვალი მნიშვნელოვნად დაბალია“, - აცხადებს კორძახია.

კორძახიას განცხადებით, გადაბაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მიკერძოებული აუდიტის დასკვნას ეყრდნობა. მისი თქმით, დავალიანება ბევრად ნაკლებია და „მაესტროს“ დადგენილ ვადებში ვალების გასტუმრება შეუძლია.

,,თუ „მაესტრო“ გაკოტრებულად, გოგელია კი მთავარ კრედიტორად გამოცხადდება, გია გაჩეჩილაძე ავტომატურად კარგავს თავის 55%-იან წილს. „მაესტრო“ ლიკვიდირდება და 2002 წლიდან დაწყებული ისტორია აღარ იარსებებს“, - აღნიშნავს კორძახია.

მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე ჩვენთან საუბარში კორძახიას განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მაესტროში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. მისი თქმით, კომპანიის გადახდისუუნარობის რეჟიმში ყოფნა აუცილებელია. გვენეტაძის მტკიცებით,, შპს ,,სტუდია მაესტროს” დისბალანსი შეექმნა, რის გამოც კრედიტორები იძულებულნი გახდნენ მათ წინაშე არსებული დავალიანება ვადაზე ადრე მოეთხოვათ. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამის უფლებას კრედიტორებს ტელეკომპანიის მხრიდან გადახდის გრაფიკის დარღვევა აძლევდათ. გვენეტაძე აცხადებს, რომ გაჩეჩილაძეების მხრიდან არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და კრედიტორებისთვის ვალის გადახდის თაობაზე ისინი მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლებიან.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მაესტროში შექმნილი ვითარება ფინანსური თვალსაზრისთ, აბსურდულია. მისი თქმით, 54 მილიონ ლარიან დავალიანებაზე საუბარი კომერციულ ლოგიკას საფუძველს აცლის.

,,მე ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში გამარჯვებულ მხარეს. ეჭვი მაქვს, რომ გაჩეჩილაძეების ინვესტორი, ამ შემთხვევაში ირაკლი რუხაძე, არ იყო საკმარისად ინფორმირებული ტელეკომპანიაში შექმნილი კრიზისული ვითარების შესახებ. გამოვიდა, რომ მან ბნელ ოთახში შავი კატა იყიდა. ეკონომიკურად სრული აბსურდი იკვრება. გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს აქტივებისთვის კი არა, ვალებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის ებრძვიან?!“ - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, გია გაჩეჩილაძეს კონკრეტული, მაესტრომდე დავიწროებული ინტერესი აქვს, რუხაძეს კი უფრო ღრმა მიზნები ამოძრავებს.

,,მიმაჩნია, რომ რუსთავი2-ისგან განსხვავებით, „მაესტროს“ საქმე არ არის შიშველი პოლიტიკა, თუმცა პოლიტიკა მაინც მონაწილეობს. სამწუხაროდ რეალობაა, რომ სარეკლამო კალათა ამ შემთხვევაში ვერ ინახავს ტელევიზიას, რის გამოც პოლიტიკური კომპონენტი ხშირად იჭრება ამ სივრცეში“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისი თქმით, „მაესტროს“ გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში კოტე გოგელია, როგორც მთავარი კრედიტორი, მაესტროს 100%-ის მფლობელი ხდება, ამიტომაც მისი ინტერესი მარტივი გასაგებია.

,,ამ შემთხვევაში ყველა სხვა აქციონერს თავიდან იშორებს კრედიტის გასტუმრებამდე. კრედიტი კი არასოდეს არ დაიფარება და შესაბამისად, ასი პროცენტი გოგელიას ხელში აღმოჩნდება“, - აღნიშნავს ექსპერტი.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს რომ, ბაია გადაბაძისთვის ეს ბრძოლა სტატუსქვოს შენარჩუნების საშუალებაა, რადგან გოგელია სწორედ გადაბაძის ხელით გააგრძელებს კომპანიის მართვას.

როგორც ექსპერტი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად რეალურად დგას კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშე. მისი თქმით, ამის გასარკვევად კრედიტორების მიერ წარმოდგენილ ყველა ციფრს გარკვეული დადასტურება უნდა გააჩნდეს. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, წარმოდგენილი ციფრები გაზვიადებული და ხელოვნურად გაბერილი იყოს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ,,სტუდია მაესტროს” გაკოტრების გამოცხადებამდე ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი და მკითხველისთვის იმ პროცედურებს განმარტავს, რაც კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებას ახლავს.

,,გადახდისუუნარობის საქმის გახსნის შემდგომ ორი შესაძლო განვითარებაა - რეაბილიტაცია ან გაკოტრება. ეს უკანასკნელი ამ ორ არჩევანს შორის საუკეთესო გზა არ არის. გაკოტრებისკენ პროცესი მიდის იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის არც ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა და არც რეაბილიტაციისათვის შემოთავაზებული წინადადებები არ არის რეალური. გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მომრიგებელთა საბჭო და აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებენ“, - აღნიშნავს იურისტი.

ალაფიშვილის თქმით, გაკოტრების მმართველი აღწერს აღიარებულ აქტივებს და მათი რეალიზაციით აკმაყოფილებს კრედიტორებს. კრედიტორთა დაკმაყოფილებისას კი მათი რიგითობაც კანონით გათვალისწინებულია. მისი თქმით, კრედიტორთა დაკმაყოფილების თანმდევი ეტაპი შესაძლოა, კომპანიის ლიკვიდაცია იყოს.

ქრისტინე გამთენაძე