მამია სანადირაძე "კავკასუსის" კაბელის გამოსყიდვას აპირებს

"კავკასუს-ონლაინის" დამფუძნებელი კომპანიის საბითუმო სეგმენტის, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას "კავკასუსის" მოქმედ ხელმძღვანელობასთან მართავს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ მისი საქმე "თაროზე" შემოდო და სამართლიანობის აღდგენაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, "კავკასუს-ონლაინის" საცალო სეგმენტს კი, როგორც ცნობილია, რუსული "ვიმპელკომი" უმიზნებს. მოლაპარაკება დასრულებულია და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

"ვიმპელკომი" და მიზანში ამოღებული ქართული აქტივები

"კავკასუს-ონლაინის" გასხვისებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ ცხრება. მას შემდეგ, რაც კომპანიის საცალო სეგმენტის ყიდვის სურვილი რუსულმა "მობიტელმა" ("ვიმპელკომი") გამოთქვა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილმა ეს ფაქტი გააკრიტიკა და ხელისუფლებას ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. "კავკასუს-ონლაინსა" და "ვიმპელკომს" შორის კი მოლაპარაკება, პრაქტიკულად, დასრულებულია, გარიგებაც მალე შედგება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო.

2015 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე "სილქნეტისა" და "კავკასუს-ონლაინის"

შერწყმის საკითხი დაიბლოკა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით კი, "კავკასუსის" შეძენაზე უარი თავად "სილქნეტმა" თქვა. მიზეზი კი "კავკასუსის" დამფუძნებლის, მამია სანადირაძის მიერ მარეგულირებელ კომისიაში კომპანიის წილის გასხვისების შეჩერების თხოვნით შეტანილი სპეციალური განცხადება გახდა.

მოგვიანებით კომისიამ "კავკასუსის" "მაგთიკომთან" შესაძლო გაერთიანებაზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არც მაშინ მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა ამ ორი კომპანიის შერწყმის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტეზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ "მაგთის" მიერ "კავკასუსის" აქტივის შეძენა კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენდა. შესაბამისად, კომისიამ "მაგთიკომს" "კავკასუს-ონლაინის" საოპერაციო აქტივების შეძენის უფლება მისცა. თუმცა "კავკასუს-მაგთის" "მორიგება" არ შედგა და ამ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება გაიყინა. აქ მიზეზი "ვიმპელკომის" ფაქტორი გახდა, რადგან იგი "კავკასუს-ონლაინის" შესაძენად გაცილებით დიდი ფულის დახარჯვას აპირებდა, ვიდრე სხვა.

"ვიკმპელკომი", იგივე "მობიტელი" ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე 2007 წიდან ოპერირებს. ამ დროისთვის "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 1 205 201-ს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების დაახლოებით 25%-ია. იმ შემთხვევაში, თუ "კავკასუსის" საცალო სეგმენტის მფლობელიც ის გახდა, რუსული "მობიტელი" საქართველოს ინტერნეტ და სატელკომუნიკაციო ბაზრის სამკაოდ დიდ ნაწილს გააკონტროლებს. "ვიმპელკომი" გახდება ინტერნეტის 32,4%-ის, მაუწყებლობის ტარანზიტის - 14%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის 0,4%-ის მფლობელი. ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ რუსები საქართველოში კიდევ ერთ სტრატეგიულ ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დღეს "კავკასუსის" ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 158 146 აბონენტს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების 32,4%-ია. სამაუწყებლო სივრცეში "კავკასუს ონლაინის" წილი დაახლოებით 13,8%-ია, ანუ "კავკასუსის" ტელევზიით 53 361 აბონენტი სარგებლობს, მთლიანად ინტერნეტ-ტელევიზიას 384 268 აბონენტი ჰყავს.

რა გადაწყვტეილებას მიიღებს ჯერ მარეგულირებელი კომისია და შედმგომ კი "კავკასუსი" და "მობიტელი" ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით კი კომპანიებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

იმ დროს, როდესაც "ვიმპელკომი" საქართველოში აქტივების გაფართოებას აპირებს, უცხოეთში მას ქრთამის გაცემისთვის საკმაოდ კოლოსალურ, 795 მილიონ დოლარის ჯარიმას უწესებენ. საქმე ეხება უზბეკეთში მომხდარ ფაქტს, როდესაც კომპანიამ უზბეკეთის პრეზიდენტის ნათესავ მაღალჩინოსანს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ქრთამი გადაუხადა. ქრთამის მიცემის მიზანი იყო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლა და სიხშირეების ლიცენზირებისას პრეფერენციების მიღება. "ვიმპელკომმა" აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად აღიარა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპირებენ 850 მილიონი დოლარის ამოღებას ამ ადამიანის შვეიცარიის და სხვა ევროპული ქვეყნების საბანკო ანგარიშებიდან.

"ვიმპელკომს" მოუწევს 795 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა და უკანონო გარიგებების შედეგად მიღებული შემოსავლების დაბრუნება, მათ შორის 167,5 მილიონს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას გადაუხდის, 230,1 მილიონს კი იუსტიციის სამინისტროს. 397,5 მილიონ დოლარს ჰოლანდიის მარეგულირებელი მიიღებს. ამასთან, კომპანია ვალდებული იქნება, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი კორპორაციული მონიტორინგი განახორციელოს.

"ვიმპელკომის", "ემტეეს"-ისა და "თელიასონერას" მიმართ გამოძიება, რომელიც "უზბეკურ საქმეს" ეხება, 2014 წლიდან მიმდინარეობს. მარეგულირებელს ეჭვი აქვს, რომ კომპანიებმა 2000-იან წლებში ბაზარზე შესვლა ქრთამის დახმარებით შეძლეს, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილის გულნარა ქარიმოვას გარემოცვასთან დაკავშირებული სტუქტურების საშუალებით გასცეს.

ვის დარჩება "კავკასუსის" კაბელი

"კავკასუს-ონლაინი" საქართველოს ინტერნეტბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. მისი გაყიდვა დაგროვებული ვალების გამო გახდა აუცილებელი. გარდა ინტერნეტბაზრის სერიოზული წილისა, "კავკასუს ონლაინი" ფლობს შავი ზღვის ფსკერზე გამავალ მაღალი გამტარუნარიანობის 1200 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. პირდაპირ ევროპიდან ინტერნეტს ამ კავშირით არა მხოლოდ ქართველი, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი მომხმარებლებიც იღებენ. "კავკასუს ონლაინი" საქართველოში ინტერნეტის მიწოდების 55%-ს, სომხეთში - 85%-ს, ხოლო აზერბაიჯანში 50%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ "ვიმპელკომის" განაცხადი კომისიაში მიმდინარე წლის 9 თებერვალს განიხილა და "მობიტელის" აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საკითხის დაზუსტების მიზნით, მოსმენა ერთი თვით გადადო. მორიგი სხდომა კი უკვე 10 მარტს გაიმართება. კომისიის თავმჯდომარემ ორივე კომპანიისგან გარანტია მოითხოვა, რომ "ვიმპელკომის" ინტერესი მხოლოდ საცალო აქტივებია და არა საქართველო-ბულგარეთის დამაკაშვირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.

მართალია, საბითუმო სეგმენტის გასხვისებასთან დაკავშირებით "კავკასუს-ონლაინში" განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა არსებული დავალიანების გამო, გამორიცხული არ არის, საცალო სეგმენტის გასხვისების შემდეგ ჯერი საბითუმოზეც მიდგეს. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ის ამ საკითხთან დაკავშირებით "კავკასუსის" მოქმედ მმართველებთან მოლაპარაკებას უკვე მიმართავს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ ამჯერად ყველაფერი "კავკასუსის" მფლობელების "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული.

სანადირაძე ამბობს, რომ კომპანიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებამ მისი საქმე "თაროზე" შემოდო და სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა.

"ჩემს საქმეზე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბრძოლას აზრი დაეკარგა. იმისათვის, რომ კომპანიის წართმევა დაამტკიცო, გამოძიების შედეგი უნდა გქონდეს. გამოძიება არ მიდის, საქმე უკვე წლებია თაროზეა შემოდებული. ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის, იმას კლავენ. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართლიანობა აღდგეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ საბითუმო სეგმენტის შეძენასთან დაკავშირებით "კავკასუსის" მოქმედ მფლობელებთან მოლაპარაკება დამეწყო.

როგორც ვიცი, კომპანიას აქვს სერიზული დავალიანება კრედიტორების მიმართ. მე კი მსურს, რომ ის საქმე, რაც დავიწყე, ისევ გავაგრძელო. კრედიტორებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მამია სანდირაძეს კომპანია წაართვეს თუ არა, ვალი ვალია და მას გადახდა უნდა. მყავს ინვესტორები და ვცდილობ, საბაზრო ფასში შევიძინო "კავკასუს ონლაინის" საბითუმო სეგმენტი, რათა შემდეგ ისევ გავაძლიერო და გავაფართოვო კომპანია. საქართველო რეგიონში უნდა გახდეს ინტერნეტის მთავარი მიმწოდებელი, თანაც ქვეყანაში ინტერნეტი უნდა იყოს იაფი, რადგან ეკონომიკის განვითარებისთვის ეს აუცილებელია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მამია სანადირაძემ.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელობა ჯერჯერობით საცალო სეგმენტის გასხვისების საკითხითაა დაკავებული: "ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ. მპირდებიან, რომ მას შემდეგ, რაც საცალო სეგმენტზეც დაიწყებენ აქტიურ მოლაპარაკებას. ყველაფერი მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული - თუ სურთ მომყიდიან, იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. სანამ საბოლოო ხელშეკრულება არ შედგება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაქვს დიდი სურვილი ჩავდო ინვესტიცია და საქართველოში ინტერნეტი გავაძლიერო", - დასძინა სანადირაძემ.

რა გადაწყვტეილებას მიიღებენ "კავკასუს ონლაინის" ყოფილი და მოქმედი მფლობელები კომპანიის საბითუმო სეგმენტის და მაგისტრალური კაბელის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, ეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი "კავკასუსმა" საცალო სეგმენტის გასხვისების საკითხი უნდა მოაგვაროს და "ვიმპელკომთან" (ან სხვასთან) საბოლოო ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ ვის დარჩება შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაგისტრალური ინტერნეტკაბელი - რუსულ "ვიმპელკომს" თუ მას ინვესტორებთან ერთად კომპანიის დამფუძნებელი, მამია სანადირაძე იყიდის, უფრო ზუსტად, გამოისყიდის.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"