ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სამართალდამცველებმა ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ეტაპობრივად დაამზადეს და გაასაღეს 31 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ეტაპობრივად დაამზადეს და გაასაღეს 31 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს მიაწოდეს 140 300 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რეალურად კი მსგავი სავაჭრო ქმედება არ განხორციელებულა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.