ნოდარ ხადური ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, შონ ო'სულივანს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს არსებული თანამშრომლობისათვის და იმ პროექტების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის განვითარებისათვის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დაფინანსების მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მარტის დასაწყისში იგეგმება აზიის განვითარების ბანკის მისია, რომელზეც ეკონომიკური რეფორმების გაფართოების საკითხები განიხილება.

შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (CAREC) საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შესახებ ისაუბრეს.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით დაინტერესებულია გააფართოოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ფუნქცია, CAREC-ში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნულ პერსპექტივას", - ნათქვამია განცხადებაში.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაში.

როგორც აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფენ.