ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო.

საჯარო რეესტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეესტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს "ერთი სარკმლის" პრინციპით მომსახურება და სერვისების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ტექნიკური და სამართლებრივი ბაზა და შიდა კომუნიკაციის მექანიზმები წარუდგინეს.

"ამას გარდა, დელეგაციის წევრები ყველაზე გავრცელებული მომსახურებების - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სერვისების მიწოდების ცენტრების მოწყობით, მართვითა და ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდნენ. ყირგიზი სტუმრები საქართველოში სამინისტროებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ადგილობრივ მოდელს, მის ეფექტურობასა და რეგულაციებსაც გაეცნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით, ყირგიზეთის დელეგაცია, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო პრაქტიკას ეცნობა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ბოლო წლებში საჯარო და მუნიციპალური სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გაზიარებაა", - განმარტავენ რეესტრის პრესსამსახურში.

დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საჯარო ადმინისტრირებისა და კადრების დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ჯალალ-აბადის მერი და ბალიკჩის ვიცე-მერი, ინფოკომის, ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო ცენტრის, ეუთო-სა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები შედიოდნენ.