საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება შედგა

თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2016 წლის მაისში გაიმართება. მომდევნო კონსულტაციები ყოველ ორ თვეში შედგება.

გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს, ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი, ჩინეთში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.