"დევნილთა პარტია" - სახელმწიფომ დარჩენილი მიწის რესურსები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ თანაბრად უნდა გადაუნაწილოს

"დევნილთა პარტიის" თავმჯდომარე ლელა გულედანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნდა გაეთიშოს მიწების გაყიდვას და დარჩენილი მიწის რესურსები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ თანაბრად უნდა გადაუნაწილოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "დევნილთა პარტიის" თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ლელა გულედანის თქმით, დღეს ქვეყნის ამოცანა ეროვნული ეკონომიკის დაცვა უნდა იყოს, ხოლო ქვეყნის სიმდიდრის დაგროვებას კი მიწათმოქმედებაში უნდა ხედავდნენ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობამ უნდა შექმნას ერის ნამდვილი სიმდიდრე. საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"დღეს მიწის რესურსების უდიდეს ნაწილს - 70%-ს, წარმოების ერთ-ერთ ფაქტორს, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, სახელმწიფო ფლობს, რაც კიდევ უფრო ამცირებს კერძო საკუთრებაში არსებული მიწების რაოდენობას და ზოგადად, მიწის რესურსის აქტივების გამოყენებას. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო არ ხნავს, არ ამუშავებს მიწას და შესაბამისად, მიწაზე ეკონომიკური აქტივობის შედეგად მიღებული შემოსავალი არ არსებობს. ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ სახელმწიფო აუქციონის წესით ღიად ყიდის მიწებს და ჭარბი მიწოდების გამო მიწის ფასი ძალიან დაბალია. მიუხედავად დაბალი ფასისა, ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარიანობა იმდენად დაბალია, რომ 1 ჰექტარ მიწას ვერ ყიდულობს. სანამ სახელმწიფოს მიერ ბაზარზე გამოტანილ მიწას ასეთი ფასი აქვს, კერძო მესაკუთრეთა ხელში არსებულ მიწებსაც ანალოგიური ფასი ექნებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

"დევნილთა პარტიის" ხედვით, უმოკლეს დროში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი მართებული გზა მიწის აქტივების სასწრაფო ინვენტარიზაცია და მოქალაქეებზე უსასყიდლოდ თანაბრად გადანაწილებაა.

"ამ პროცესით სახელმწიფო ხაზინა პირდაპირი სახით მიიღებს მოსაკრებელს, ასევე, მიიღებს ყველა საიჯარო გარიგებიდან დამატებით შემოსავალს გადასახადის სახით და ამავდროულად, სახელმწიფო ხაზინაში შემოვა გაზრდილი ინვესტიციები. ყველაფერი ეს კი სოფლის განვითარებას და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო გაეთიშება მიწის გაყიდვის პროცესს, მოხდება პრივატიზაციის დეკრიმინალიზაცია, მიწის ფასს კი ბუნებრივად ბაზარი დაარეგულირებს, მიწის რეალური ფასი კი მოიზიდავს მილიარდობით ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში", - აცხადებს ლელა გულედანი.