დიმიტრი ხუნდაძემ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში საპენსიო რეფორმის საკითხები განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში საპენსიო რეფორმისა და საყოველთაო ჯანდაცვის საკითხები განიხილა.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით იაპონიის დედაქალაქში იმყოფება, იაპონიის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

დიმიტრი ხუნდაძემ სამინისტროს წარმომადგენლებს ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები გააცნო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იაპონიაში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, დიმიტრი ხუნდაძე დაინტერესდა, როგორ ხდება იაპონიაში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა.

როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და იაპონიის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებენ.

"მივიღეთ რეკომენდაციები და შევთანხმდით, რომ გვექნება ელექტრონული კავშირი და ისინი დაგვეხმარებიან ჩვენი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში და მის ექსპერტიზაში. ასევე, დაგვეხმარებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კუთხით, რომ მეტად ეფექტური იყოს ის პროექტები, რაც შესაძლებელია, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს. ასე რომ, ეს იყო საკმაოდ ეფექტური სამუშაო შეხვედრა",- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, იაპონიაში ვიზიტს 24 თებერვალს დაასრულებს.