საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ქუვეითის მიერ საქართველოდან ზოგიერთი პირუტყვის იმპორტის აკრძალვას ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას.

„საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არ დადასტურდა. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ყველა წევრ ქვეყანას. ამის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხვრის კატარალური ცხელების გამო ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყებამ საქართველოდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხოველების ექსპორტი ბოლო ოთხი წელია არ განხორციელებულა.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაავადება ცხვრის კატარალური ცხელების საქართველოში აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში - გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. საქართველოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ამის შესახებ ექსპორტიორ ქვეყანებს და ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრებს დამატებით აცნობებს.

ამასთან, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით მიმდინარეობს ვეტერინარული ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი. ბოლო ათი დღის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით 800 ათასამდე სული ცხოველის ვაქცინაცია განხორციელდა“, - ნათქვამია სურსათის ეროვნულ სააგენტოში.