სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - "განათლება, კვლევა და ბიზნესი დასაქმებისა და განვითარებისათვის" პირველი ეტაპი დასრულდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში შემუშავებული "აგრობიზნეს მენეჯმენტის" პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული ცოდნის ამაღლებას და განვითარებას, სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე წარჩინებული კურსდამთავრებულების სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

"პროექტის - "განათლება, კვლევა და ბიზნესი, დასაქმებისა და განვითარებისათვის" მიზანი სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის გზით, აგროსექტორში უმაღლესი განათლების პროგრამის შექმნა, კვალიფიციური მენეჯერების მომზადება და მათთვის დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზებაა.

აგრობიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები აგრობიზნესის მართვისა და შეფასების მიმართულებით საფუძვლიან ცოდნას მიიღებენ და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი ეფექტურად გამოყენების უნარებს გამოიმუშავებენ.

აგრობიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხება", - განმარტავენ სამინისტროში.