სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დრონების მფლობელებს რეკომენდაციებს სთავაზობს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდებთან (დრონები) დაკავშირებით, წესების შემუშავება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, წესები უპილოტო საჰაერო ხომალდების საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ინტეგრირებას, მათ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და სერტიფიცირებას ეხება.

”მარეგულირებელი ნორმების ამოქმედებამდე, იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანთა სიცოცხლეს, მათ პირად ცხოვრებასა და საკუთრებას, ასევე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით, შეიმუშავა მარტივი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისათვის/ ოპერატორებისათვის”, - აცხადებენ სააგენტოში და საზოგადოებას რეკომენდაციებს აცნობენ.

”ბიზნესპრესნიუსი” რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

1. უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;

2. დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;

3. აკრძალულია უპილოტო საჰაერო ოპერირება ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებში სადაც დრონების ოპერირებაზე მოქმედებს წინასწარდადგენილი შეზღუდვა. მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში (თავშეყრის ადგილზე ადამიანთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 12 სულს);

4. მოერიდეთ დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე, სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;

5. აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირება საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია შეზღუდული დაშვების კონტროლირებად აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5500 მეტრს.

6. მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. აკრძალულია დრონების ოპერირება 150 მეტრ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;

7. აკრძალულია დრონების გამოყენება მართლსაწინააღმდეგო მიზნებით. მოერიდეთ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ამსახველ უკანონო აეროგადაღების წარმოებას უპილოტო საჰაერო ხომალდის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

8. გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხომალდის მფლობელს/ოპერატორს.