ნოდარ ჯავახიშვილი მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობაზე უფრო ინტენსიური მუშაობის საჭიროებას ხედავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობაზე უფრო ინტენსიური მუშაობის საჭიროებას ხედავს.

ნოდარ ჯავახიშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დღეს მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

მათთან ერთად სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, დედაქალაქის მერიის, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

"აქ მოსვლამდეც ვიცოდი, რომ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის. შეიძლება ვთქვათ, ფაქტობრივად, გარანტირებულია, რომ დაგეგმილ ვადაში, მომავალი წლის მაისში ეს პროექტი დასრულდება. თუმცა, ერთი შეხედვით, პატარა პრეტენზიები ჩანს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. ვფიქრობ, აქ ფრონტი უფრო დიდია, ვიდრე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. დღეს ალბათ მუნიციპალური განვითარების ფონდთანაც მექნება საუბარი და ზედამხედველებთანაც. გრაფიკი შედგენილია, მაგრამ საზოგადოებას რაც მალე მივცემთ ამ უმნიშვნელოვანესი არტერიის ერთ-ერთ სერიოზულ გაგრძელებას, მით უკეთესია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ალბათ არის გარკვეული ეკონომია", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა კადრების დამატების საჭიროებას, ნოდარ ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტულ ადგილას გაცილებით უფრო ინტენსიური მუშაობა შეიძლებოდა. "არ გამოვრიცხავ, რომ ხელი ჩვენც შევუშალეთ, მაგრამ ჩვენი გულისთვის მუშები არ უნდა წავიდნენ", - დასძინა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 83 000 670 ლარია.

პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია ჩაუტარდება არსებულ გვირაბებს და "დელისსა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროს სადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც. დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.