საქართველოში მეღორეობისა და ლორის წარმოების ახალი პროექტი იწყება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მეღორეობისა და ტრადიციული შებოლილი ლორის წარმოების მხარდასაჭერად, რაჭა-ლეჩხუმში საპილოტე პროექტს იწყებს.

პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით ხორციელდება.

FAO-ს წარმომადგენლობა რაჭა-ლეჩხუმში საღორე მეურნეობების მოდერნიზაციისა და შებოლილი ლორის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საგრანტო პროგრამას აცხადებს. ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომია ადგილობრივი ფერმერებისთვის და მოიცავს აღნიშნულ სფეროში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ გადამზადებას. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ფერმერები. ინიციატივა, რომელიც FAO-ს ანგარიშის საფუძველზე დაიგეგმა, მიზნად ისახავს რეგიონში სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების შეფასების შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სოფლის განვითარების პროცესში, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რესურსების შეთავაზებისა და წახალისების სქემას, სოფლის მეურნეობის, ეკოტურიზმისა და სხვა ტიპის ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად.

FAO-ს პროექტების მენეჯერის ბექა ძაძამიას თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადის შეტანა რაჭა-ლეჩხუმში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს და კოოპერატივს შეუძლია.

"ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ყველა განაცხადს; მეღორეობისა და ხორცის წარმოებაში გამოცდილების ქონა და მინიმუმ ორი ღორის ყოლა საკმარისი კრიტერიუმია მონაწილეობისთვის", - განაცხადა ძაძამიამ.

ფერმერი რაჭიდან ჯამბულ ჯუბაშვილი აცხადებს, რომ მან შეიძინა მიწა და საღორე მეურნეობის განახლების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს, ფინანსების მოძიების შემთხვევაში კი თანამედროვე მეღორეობის ფერმას ააშენებს.

"ეს მთელს სოფელში საუკეთესო ადგილია მეღორეობის ფერმისთვის. ირგვლივ უამრავი მუხის ხეა. აქ რკო, წაბლი და გარეული ვაშლი ბლომადაა, შესაბამისად. ღორის ხორცს ეს ყოველივე უნიკალურ გემოს მატებს. ჩვენ ფინანსური და ტექნიკური რესურსების მოძიების პროცესში ვართ", - აცხადებს ჯამბულ ჯუბაშვილი.

კიდევ ერთი ფერმერი იმავე რეგიონიდან, თამაზ ნათემაძე კი ეცდება FAO-ს გრანტის მოპოვებას, ლორის შებოლვისთვის აუცილებელი მოძველებული მოწყობილობების გასაახლებლად. თამაზ ნათემაზე ლორს საკუთარ ეზოში არსებულ ხის შენობაში 1998 წლიდან აწარმოებს. ის რესტორნებს ამარაგებს მიღებული ნაწარმით, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. თუ ლორის შებოლვისთვის არსებული შენობისა და დანადგარების განახლებას და საკუთარი საწარმოს შესაბამისი დანადგარებით აღჭურვას მოახერხებს, ნათემაძე შებოლილი ლორის წარმოების გაზრდას აპირებს.

როგორც ENPARD-ში აცხადებენ, რაჭა-ლეჩხუმში ფერმერებს საღორე მეურნეობების კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ მიერ წარმოებული შებოლილი ლორი კარგადაა ცნობილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, საქონლის დაავადებების ამოხეთქვის მრავალჯერადი შემთხვევების (მაგ. აფრიკული ღორის გრიპი), მოძველებული ტექნიკისა და დრომოჭმული მიდგომების გამოყენების გამო, საქართველოში მეღორეობა დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რაჭა-ლეჩხუმში ლორის წარმოებაზე.