ნოდარ ჯავახიშვილი - ვიღაც ენაკვიმატმა რომ ორმოს ნარმანიას სახელი დაარქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერია

ვიღაც ენაკვიმატმა რომ ორმოს ნარმანიას სახელი დაარქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერია, ალბათ უფრო ცინიკოსია , - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა ნოდარ ჯავახიშვილს დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, როგორც მენეჯერის შეფასება სთხოვეს და ამ კონტექსტში, ე.წ. "ნარმანიას სახელობის ორმოები" ახსენეს.

"ნამდვილად არ ვაპირებ დავით ნარმანიას შეფასებას. 62 წლის ვხდები, ორმოები საქართველოში ყოველთვის ძალიან ბევრი იყო, უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის. ვიღაცა ენაკვიმატმა რომ ორმოს ნარმანიას სახელი დაარქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერია, უფრო ცინიკოსია ალბათ", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მისი თანამშრომელი ისრაელში და ერევნაში იმყოფებოდა. უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ სპეციალური შემადგენლობის ნარევს, რომელიც გამოცდის შემთხვევაში ორმოების საკითხს ერთხელ და საბოლოოდ მოაგვარებს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. "თუმცა ამას ჯერ შემოწმება სჭირდება. გაცილებით ადვილად და რაც მთავარია, წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო", - დასძინა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, მინისტრი გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებასთან დაკავშირებით და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - კიდევ არის თუ არა პრობლემები ამ მიმართულებით და როგორ იგეგმება დაჩქარება?

"ყველაფერი იცვლება. შესაბამისად, ეს პრობლემაც ყოველთვის იდგება. რისი გაკეთებაც გუშინ შეიძლებოდა სამ თვეში, დღეს თვენახევარში უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან ჩვეულებრივი რამეა. თუმცა რასაკვირველია, არის პრობლემები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ბიუჯეტს იმდენი შესაძლებლობა არ აქვს და იძულებული ვართ დონორების წესებით ვიმუშაოთ. ასე მარტივი არ არის. დონორების პროცედურები საკმაოდ გაწერილია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.