სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ლითიუმ-იონის ელემენტებთან დაკავშირებით მიღებულ ახალ წესებზე განმარტებას აკეთებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ლითიუმ-იონის ელემენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი წესების შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2016 წლის 22 თებერვალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მიიღო გადაწყვეტილება სამგზავრო საჰაერო ხომალდით მხოლოდ ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, რომლის დროსაც გამოიკვეთა ამგვარი ელემენტების მოჭარბებული საფრთხის შემცველობა, უმეტესად მოკლე ჩართვასთან მიმართებაში.

"შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ეკიპაჟისა და მგზავრის მიერ გადასატან რეგისტრირებულ ბარგსა და ხელბარგზე;

როდესაც ლითიუმ-იონის ელემენტი ინტეგრირებულია მოწყობილობაში;

ლითიუმ-იონის ელემენტის სატვირთო საჰაერო ხომალდით გადაზიდვისას;

ICAO-ს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2016 წლის 1 აპრილიდან, მისი ყველა წევრი-სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ფრენების უსაფრთხოებისათვის მომეტებული რისკის გამო, ავიკომპანიებმა შესაძლოა დააწესონ დამატებითი შეზღუდვები კუთვნილი საჰაერო ხომალდებით ლითიუმ-იონის ელემენტების გადატანასთან დაკავშირებით, ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტო" მგზავრებს ურჩევს, კონკრეტული ფრენის განხორციელებამდე, ყოველთვის დააზუსტონ ავიაგადამყვანის მიერ დადგენილი მოთხოვნები აღნიშნულთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.