ქართული პასპორტი მსოფლიო პასპორტებს შორის 71-ე ადგილზეა

„პასპორტის ინდექსის“ რეიტინგში, რომელსაც 2006 წლიდან მოყოლებული კომპანია Henley & Partners ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველოს სახელმწიფო პასპორტი 71-ე ადგილზეა.

რეიტინგი სავიზო შეზღუდვების მიხედვით დგინდება და უმთავრესი კრიტერიუმი კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილება და იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ ჩასვლის უფლება აქვთ კონკრეტულ ქვეყანაში.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს 67 ქვეყანაშია დაშვებული.

რეიტინგში საქართველოსთან ერთად, 71-ე პოზიციაზე აღმოჩნდნენ ყაზახეთი და ბელორუსი, 75-ე ადგილი ერგო აზერბაიჯანს. შედარებით მაღალ - 48-ე პოზიციაზეა რუსეთი, რომლის მოქალაქეებს მსოფლიოს 104 ქვეყანაში შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, უკრაინა კი რეიტინგში 58-ე ადგილზეა და მას უვიზო მიმოსვლა 81 ქვეყანასთან აქვს.

მსოფლიოს „ყველაზე გავლენიანი“ პასპორტის წოდება წელს გერმანულ პასპორტს ერგო. კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეებს 218-დან მსოფლიოს 177 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. პირველად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველი ადგილი დათმო დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც პოზიციები საფრანგეთთან, იტალიასთან, ფინეთთან და ესპანეთთან გაიყო - ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსოფლიოს 175 ქვეყანაში შეუძლიათ მარტივად გადაადგილება.

ხუთეულს მიღმა დარჩნენ აშშ, ბელგია, დანია და ნიდერლანდები. აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში პირველად აღმოჩნდნენ უნგრეთი და მალაიზია. რეიტინგის ბოლო 104-ე საფეხურზე არიან პაკისტანი, ერაყი და ავღანეთი.

კოკა კვირკველია