ნოემბერსა და დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერს თბილისელთა დიდი ნაწილი ვეღარ მიიღებს

ნოემბერსა და დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერს თბილისში 290 000 ოჯახი ვეღარ მიიღებს, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა 2016 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლითაც ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდიის მუხლი 13, 5 მილიონი ლარით მცირდება. მისივე თქმით, კომუნალური ვაუჩერის ბიუჯეტის მოცულობა 46 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელსაც წელს 13,5 მილიონი ლარი დააკლდება. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერს 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ოჯახი მიიღებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 200 000-ია. აბესაძემ აღნიშნა, რომ სულ თბილისში 390 000 აბონენტია, ეს კი ნიშნავს, რომ 290 000 ოჯახი დახმარებას ვეღარ მიიღებს.

ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერი დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. აბესაძის თქმით, კომუნალური ვაუჩერის მისაღებად 290 000 ოჯახის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები არავის შეუსწავლია.

"ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ კომუნალურ ვაუჩერს მოსახლეობა ვეღარ მიიღებს ნოემბერსა და დეკემბერში. მაშინ, როდესაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ჩატარებული, რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება "მოსახლეობა დასაჯონ" არჩევნების შემდეგ, რადგან მოსახლეობის უკმაყოფილება "ქართული ოცნებისა" და ხელისუფლებისთვის არჩევნების შემდეგ იქნება უმნიშვნელო", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.