სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სკები გადაეცათ

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 21 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 1694 სკა გადაეცა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, პროგრამაში რეგისტრაცია კოოპერატივებმა დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებით გაიარეს. მათ საშუალება ჰქონდათ აიერჩიათ მათთვის სასურველი სახეობის სკა ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის. სკებს ისინი თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად იღებენ.

ხის რუტისა და დადანის სკაში 120 ლარის ნაცვლად 36 ლარს იხდიან, ხოლო პენოპოლისტიროლის სკაში - 260 ლარის ნაცვლად 78 ლარს.

"პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული თაფლის მიკვლევადობის ამაღლებას, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე დისტანციურად შეძლებენ. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს, ღირებულების 30%-ში გადაეცემათ მათთვის სასურველი ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის სახეობის სკები არაუმეტეს 100 ცალი, კოოპერატივს შეუძლია ასევე მოითხოვოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი)ან/და2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მონაწილე კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები (დევნილები, შშმ პირები), ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური ინვესტირება ინვენტარის ღირებულების 20%-ში გადაეცემათ.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში შესამოწმებლად მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსასყიდლოდ წარადგინოს.