ირაკლი აბესაძე - ე.წ.მარგიშვილის ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ 2,5 მლნ ლარამდე მეწარმეობის განვითარებას აღარ მოხმარდება

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიაში ე.წ. მარგიშვილის ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი მეწარმეობის განვითარებას აღარ მოხმარდება. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა 2016 წლის ბიუჯეტში განსახორციელებლ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლითაც ბიუჯეტში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მუხლი 2,5 მილიონი ლარით მცირდება.

ირაკლი აბესაძის თქმით, ე.წ.მარგიშვილის ცენტრისთვის თითქოს ეკონომიკის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების შემცირების შემდეგ პირდაპირპროპორციულად უნდა გაზრდილიყო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, თუმცა ეს თანხა აღარ მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას და აღნიშნული თანხა სხვა პროექტებზე გადააქვთ. აბესაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი პირდაპირ ადასტურებს ამ ცენტრისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვას და რომ მას ეკონომიკის განვითარების პროექტებთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

"ე.წ. მარგიშვილის ცენტრის ლიკვიდაციის გამო დაახლოებით 2,5 მილიონი ლარით შემცირებული ეკონომიკის მიმართულების დაფინანსება პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ მარგიშვილის ცენტრისთვის გამოყოფილი ეს თანხები გამიზნული არ იყო ეკონომიკის ხელშეწყობისათვის. ის გამიზნულია მოსაპარად, გასაფლანგად, ამიტომ ამაზე უნდა დადგეს არა მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება", - განაცხადა ირაკლი აბასეძემ.

მისივე თქმით, მათი ოპონენტები და ქალაქის ხელისუფლება მოტივად აცხადებდა, რომ ე.წ.მარგიშვილის ცენტრის დაფინანსება მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მოხმარდებოდა. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ კი სახსრები მეწარმეობის განვითარებას აღარ ხმარდება.