EPRC აღმასრულებელი დირექტორის აზრით, საქართველოს დასავლური ვექტორის გარკვეული დოზით ცვლილება ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის აზრით, საქართველოს დასავლური ვექტორის გარკვეული დოზით ცვლილება ხდება.

ამის შესახებ ევგენიძემ ჟურნალისტებს EPRC-ის ახალი ანგარიშის "ჰიბრიდული ომი და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება – პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები" პრეზენტაციისას განუცხადა. ანგარიში "ეკონომიკური ნატო-ს" ანალიტიკური ნაშრომების სერიის ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით გამოქვეყნდა და იგი მიმოიხილავს რუსეთის მიერ ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული დასავლური იდეა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ და ამ იდეის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები: ნატო და ევროკავშირი.

ნინო ევგენიძის თქმით, ასეთ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყანა და პირველ რიგში მთავრობა ერთი მესიჯით საუბრობდეს აღნიშნულ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

"საყურადღებო და კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ის, რომ ზოგადად ხდება ქვეყნის დასავლური ვექტორის რაღაც დოზით ცვლილება. შეიძლება მთავრობის მიერ სხვა მიზნები იყოს გაცხადებული და დეკლარირებული, მაგრამ იგივე განახლებული მოლაპარაკებები "გაზპრომთან", "ვიმპელკომთან", რომელიც ძირითადად, სტრატეგიული ობიექტების დასაკუთრებისკენ არის მიმართული, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, წინსვლასა და განვითარებას. ეს არ არის მარტო ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკისა და ეკონომიკის გამიჯვნა ამ მიმართულებით არ შეიძლება, იმიტომ რომ რუსეთი ეკონომიკურ საშუალებებს ყოველთვის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს და ის არის არასტაბილური პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

მისივე თქმით, არასწორია მიდგომა, რომ ეკონომიკა და უსაფრთხოება ერთმანეთთან კავშირში არ არის.

"უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეიძლება იქნას განხილული", - აცხადებს ევგენიძე.