„მარსის“ საფრთხის შემცველი პროდუქციის საქართველოში შემოსვლა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Mars Inc-ის საფრთხის შემცველი პროდუქციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ამ ეტაპისთვის არ ფიქსირდება.

როგორც სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საქართველო მიერთებულია ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემას, რომლის მეშვეობითაც ყველა ქვეყანას ეგზავნება მოკვლეული ინფორმაცია და ოფიციალური შეტყობინება საფრთხის შემცველი პროდუქციის შემოსვლასთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპისთვის საქართველოში მსგავსი ტიპის შეტყობინება მიღებული არ არის, რაც მყარი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში აღნიშნული პარტია არ შემოსულა“, - აღნიშნეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

შოკოლადის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Mars Inc. შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასის გამო, მსოფლიოს 55 ქვეყნიდან გაიწვევს პროდუქციას.

ქრისტინე გამთენაძე