საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთიდან შეღავათიან ფასად ახორციელებს

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთიდან სპეციალურ შეღავათიან ფასად ახორციელებს.

ენერგეტიკის სამინისტროში ფასს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, შესაბამისი კონტრაქტი მოკლევადიანია, ანუ 1 აპრილამდეა და იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დაახლოებით, 100 მილიონის კვტ/სთ-ის ფარგლებშია.

"კონტრაქტის ფორმა, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, მოკლევადიანია - პირველ აპრილამდეა, ანუ იქამდე, ვიდრე წყალუხვობის პერიოდი დაიწყება და ჰიდროლოგია მოგვცემს საშუალებას, რომ ენგურსა და ვარდნილზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა გაჩნდეს. მოცულობა დაახლოებით, 100 მილიონი კვტ/სთ-ის ფარგლებშია", - განაცხადა ვალიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთისთვის მთლიანად იყოს მიწოდებული, ან - ნაწილობრივ.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი წყალი იქნება მარტის ბოლომდე ხელმისაწვდომი ოკუპირებული აფხაზეთის მოსამარაგებლად", - აღნიშნა ვალიშვილმა.

რაც შეეხება ფასს, მინისტრის მოადგილის თქმით, ის საკმაოდ შეღავათიანია.

"რუსებთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იყო სპეციალური ფასი, თუმცა კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რადგან კომერციული საიდუმლოებაა", - განაცხადა ვალიშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონემ დაიკლო. საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა დაიწყო.