ზაზა ხატიაშვილი – ლევან მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე 2015 წელს პრემიის სახით 117 500 ლარი გასცა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაცემული პრემიების ოდენობა გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

ამის შესახებ ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თანამემამულენო! როდესაც "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ არჩეულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა - ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ ლევან მურუსიძის მოსამართლედ გამწესებას მისცეს ხმა, მივმართე იუსტიციის საბჭოს და მოვითხოვე ინფორმაცია გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ. გუშინ მივიღე შოკისმომგვრელი ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პირადად იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე 2015 წელს პრემიის სახით გასცა 117 500 ლარი, ხოლო 2014 წელში - 152 500 ლარი, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი გვატყუებდა, რომ პრემია გაიცემოდა მხოლოდ დამსახურებისთვის.

ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ რომელი დამსახურებისთვის მიიღეს პრემია? ჩემი შეფასებით, სავარაუდოდ, ლევან მურუსიძისთვის ხმის მიცემის გამო მიიღეს პრემია. მაინტერესებს არის თუ არა ეს კორუფციული გარიგება? როგორ შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პიროვნება ყოველ თვე იღებდეს 2000 ლარზე მაღალ პრემიას? თურმე 9 წელი იმიტომ იბრძოლა მშიერმა და ღატაკმა ხალხმა, რომ ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს და ვახტანგ თორდიას თვეში 7 000 ლარზე მაღალი ანაზღაურება მიეღოთ, თვითონ კი შიმშილში ამოხდომოდათ სული", - ნათქვამია განცხადებაში.