თამაზ შოშიაშვილი - ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის მერიისთვის გამოყოფილი 30 მლნ ლარის ტრანსფერიდან 25,7 მლნ ლარი უკან წაიღო

ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტი ტრანსფერის სახით 25,7 მლნ ლარს აღარ მიიღებს , - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა.

შოშიაშვილმა თბილისის ბიუჯეტის 2015 წლის შესრულების შესახებ ისაუბრა და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია არაპრინციპულობაში დაადანაშაულა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დეკემბერში თბილისის მერიას 30 მლნ ლარის ტრანსფერი გამოუყო, ორი თვის შემდეგ კი 25,7 მლნ ლარი ისევ უკან წაიღო.

"2 თვის თავზე თბილისის მერიამ დათმო 25 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ სოციალურ მუხლში დაფინანსება 13,5 მლნ ლარით შემცირდა. აღნიშნულის შედეგად კი თბილისში 290 ათას ოჯახს კომუნალური სუბსიდია მოეხსნება", - აღნიშნა შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ზამთრის სეზონზე დედაქალაქის მოსახლეობას კომუნალური ვაუჩერი ეძლევა. 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, აღნიშნულ ვაუჩერს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული 100 ათასი ოჯახი მიიღებს.

შოშიაშვილის განცხადებით, მერიამ არაპრინციპულობა გამოიჩინა, როდესაც კონკრეტული პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები დათმო და ტრანსფერით გათვალისწინებული თანხის ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში ბრუნდება.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა 2015 წლის ბიუჯეტით აუთვისებელ თანხებზეც ისაუბრა. შოშიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტიდან 39,7 მლნ ლარი ვერ აითვისა.

"თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე 26 იანვარს ჩვენთვის მოწერილ წერილში აღნიშნავს, რომ 2015 წლის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი დარჩა აუთვისებელი და რომ ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. ის მანიპულირებს ციფრებით, იმისთვის რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს თანხები დააკლდა თბილისელებს, თბილისის კეთილმოწყობას, თბილისის სოციალურ ხარჯებს და ასე შემდეგ", - განაცხადა შოშიაშვილმა.