ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა

სოფელ ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 05 აგვისტოს, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა უკანონო ჩართულობით, ოფშორულ ზონაში, კერძოდ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 90 605 კვ.მ. გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და ზემოხსენებული უძრავი ქონებები დაუბრუნდა სახელმწიფოს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით საზოგადოებას ეცნობება.