დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების თაობაზე შეთანხმება წლის ბოლომდე დასრულდება

თურქეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ გამართული პირველი რაუნდის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ერთი წლის ვადაში, 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს შეთანხმება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების თაობაზე. მისივე თქმით, ქართული მხარე საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და არის გარკვეული მიღწევებიც.

როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში აცხადებენ, ვიცე-პრემიერმა კომენტარი, EFTA-სთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რისი დასრულების შემდეგაც ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გატანის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა ეძლევათ.

"ეს იქნება კიდევ 14 მილიონიანი დამატებითი ბაზარი, რომელზეც ქართველ მწარმოებლებს და სერვისის მიმწოდებლებს შეეძლებათ ტარიფების გარეშე თავიანთი პროდუქციის მიწოდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.