რაგბის კავშირი "ნატახტარისგან"  მილიონ ლარს მიიღებს

კომპანია "ნატახტარსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის სასპონსორო ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

საქართველოს რაგბის კავშირი კომპანია "ნატახტარისგან" მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომპანია "ნატახტარისა" და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

კომპანია "ნატახტარსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის სასპონსორო ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი კომპანიისგან ოთხი წლის განმავლობაში, ჯამში მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული რაგბის განვითარებას მოხმარდება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 000 ლარის ოდენობით.

"იმისთვის, რომ ჩვენი მორაგბეების მოტივაცია გავზარდოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, 150 000 ლარი დამატებით ირიცხება, რომელიც მოხმარდება ჩვენი ბორჯღალოსნების პრემიალურ ანაზღაურებას მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. კომპანიას სჯერა ქართული რაგბის კიდევ უფრო მეტი წარმატების. მე მადლობას ვუხდი ყველა მორაგბეს, რაგბის კავშირს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა რაგბის განვითარებაში და ამხელა სიხარულს გვანიჭებს მთელ საქართველოს. რაგბი ჩვენი თამაშია", - განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მემორანდუმს ხელი სოფელ ნატახტარში, კომპანია "ნატახტარის" ქარხანაში მოეწერა. შეხვედრას "ნატახტარის", საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

კომპანია "ნატახტარი" ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.