ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას გიორგი ქადაგიძე 7 წლის განმავლობაში იკავებდა. აღნიშნულ პერიოდს ქადაგიძე ძალიან საინტერესოს, რთულს, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსეს უწოდებს.

"ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის", - წერს ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ეროვნული ბანკის 7-კაციან საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტურია, თუმცა სებ-ის საბჭოში ქადაგიძის შემცვლელად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს, მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ეს ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობის წარდგინებით უშუალოდ საბჭოს შემადგენლობიდან.

გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს დარჩენილი, 6-კაციანი შემადგენლობა უფლებამოსილია გააგრძელოს საბჭოს ფუნქციების განხორციელება. ამასთან, 26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.