ნოდარ ჯავახიშვილი - გაჭირვებული სოფლები და პუნქტები უამრავი გვაქვს და იმათ სხვა პროგრამებით უნდა დავეხმაროთ

რაც შესაძლებელია უნდა გავაკეთოთ ჩვენი დასახლებებისთვის, მაგრამ ყველაფერი "მთის კანონის" მეშვეობით არა,

- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომელიც ტყიბულის ზოგიერთ დასახლებაში მცხოვრებლების უკმაყოფილებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მათი სოფლები მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, უამრავი გაჭირვებული სოფელი და პუნქტი გვაქვს, რომელთაც სხვა პროგრამებით უნდა დავეხმაროთ.

"მაშინაც, როდესაც ეს საკითხი შესაბამის საბჭოზე დაისვა, მე ვთქვი, რომ მთის განსაზღვრა უნდა გვქონდეს და იმის შესაბამისად უნდა იმოქმედოს მთის კანონმა. გაჭირვებული სოფლები და პუნქტები უამრავი გვაქვს და იმათ სხვა პროგრამებით უნდა დავეხმაროთ. როდესაც საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, მას ესწრებოდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძეც და მაშინ ითქვა, რომ ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით დასახლებულ პუნქტებს არ განიხილავდნენ "მთის კანონში", რადგან ეს არ არის მთა. თუმცა მთა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობაა, ჩვენი დასახლებული პუნქტებია და რაც იქნება შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა "მთის კანონის" მეშვეობით", -განაცხადა ჯავახიშვილმა.