მარიამ ვალიშვილი - "გაზპრომთან" შეხვედრა კვლავ შედგება

სანამ არ იქნება შეთანხმება, "გაზპრომთან" შეხვედრები იქამდე გაგრძელდება,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას და რაოდენობას.

"ჩვენ, პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა", - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მისი თქმით, 29 თებერვალს იმართება "სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მარიამ ვალიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე რა პრინციპებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

"აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა ხელშეკრულების გარკვეულ პირობებზე, რომელიც უნდა გადაიხედოს და ეს შეეხება ფასებს, საფასო პოლიტიკას, გარკვეულ მოცულობებს, ასევე ტექნიკურ დეტალებს. გაჟღერებულიც იყო, რომ ოპტიმიზაციაზე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. 29 თებარვალს იგეგმება ვიცე-პრემიერის ვიზიტი "სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალზე. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ვალიშვილმა.