დავით სერგეენკო - სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა

სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო,

- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აფთიაქებმა შემოიღეს სპეციალური ბარათები, რომელთა მფლობელებს შეუძლიათ რეცეპტიანი მედიკამენტის ექიმთან სატელეფონო საუბრის საფუძველზე შეძენა.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, რა არის ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია.

"სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება ონლაინ რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", -განაცხადა დავით სერგეენკომ.