ესტონეთით შთაგონებული ქართველი რეფორმატორები

ესტონეთსა და საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს. ორივე ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყო მოქცეული რუსეთის, გერმანიისა თუ ოსმალეთის/სპარსეთის იმპერიის მარწუხებში.

საერთო წარსული განაპირობებს, ალბათ, იმას, რომ საქართველო არის ესტონეთის თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველო არის ესტონეთის ორმხრივი განვითარების დახმარების უმსხვილესი მიმღები, რაც, მეტწილად, გულისხმობს ესტონეთის, როგორც ახალჩამოყალიბებული ევროპული დემოკრატიისა და ბიზნესისთვის უნიკალური გარემოს, გამოცდილების გაზიარებას.

უნიკალურობა უდიდესი აქტივია პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ნიჭისა და კაპიტალის გლობალურ კონკურენციაში. უცხოელებისთვის საჩუქრად გადაცემული პატარა ღვინის ბოთლები სხვა არაფერია, თუ არა უნიკალურობის ხაზგასმა. ესტონეთს არ აქვს პრეტენზია, რომ ღვინის სამშობლოა, ის ვერც მთებით, წარმტაცი ლანდშაფტით, გულუხვი სტუმართმოყვარეობითა და მრავალხმიანი ფოლკლორით ვერ დაიკვეხნის. თუ არ ჩავთვლით საქვეყნოდ ცნობილ სკაიპს, ის ერთი დაბლობი, მეტისმეტად სუფთა და მოსაწყენად მწვანე ქვეყანაა.

თუმცა უცხოელებზე შთაბეჭდილების მოხდენის მეტად მწირი რესურსების ამარა დარჩენილი ესტონეთი განსაკუთრებულად ინოვატორი და უნიკალური ქვეყანაა, როდესაც საქმე ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება. 1992 წელს ესტონეთი იყო ერთადერთი გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს შორის, რომელმაც საკუთარი ვალუტა, კრონი, მიაბა ევროპულ ვალუტას სავალუტო საბჭოს სახელით ცნობილი ხისტი მექანიზმის გამოყენებით. ამით ესტონეთს სურდა ქვეყნის უნიკალური პოზიციისა და შედარებითი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა ჰიპერინფლაციურ პოსტსაბჭოთა გარემოში. ესტონეთმა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი არ თქვა უარი სავალუტო საბჭოზე და არ გააუფასურა კრონი. ფულის გამოშვებისა და გაუფასურების ნაცვლად, მან გამოიჩინა პოლიტიკური სიძლიერე, შეამცირა ხელფასები და მიიღო რესტრუქტურიზაციის მტკივნეული ზომები.

ესტონური კორპორატიული საგადასახადო მოდელი

დანახარჯებზე დაფუძნებული ესტონური საგადასახადო მოდელი 21%-იანი განაკვეთით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მარტივ რეჟიმად მსოფლიოში. ეს რეჟიმი მოგების გადასახადის გადახდის პერიოდს გადაავადებს მოგების გამომუშავების მომენტიდან მის განაწილებამდე. შედეგად, გაუნაწილებელი მოგება არ ექვემდებარება დაბეგვრას, მიუხედავად იმისა მოხდა რეინვესტირება თუ თანხა უბრალოდ დარჩა კომპანიაში.

Doing Business in Estonia, Ernst &Young, 2012

2000 წელს ესტონეთმა კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა და ამჯერად კლასიკური კორპორატიული მოგების გადასახადი გააუქმა. ამ რეფორმის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გადასახადის გადახდის მომენტი გადაევადებინა მოგების გამომუშავებიდან მის განაწილებამდე – ან პირდაპირი დივიდენდების სახით, ან არაპირდაპირი, შემოვლითი გზით (საჩუქრები, შემოწირულობები) და სხვ. საგადასახადო განაკვეთი მოგების ნებისმიერი სახით განაწილების დროს არის 21%.

ამ რეფორმის ინოვაციურობა მაინცდამაინც შემოვლითი სარგებლის განაწილების თავიდან აცილებაში არ მდგომარეობდა (მსგავსი ბიზნეს დანახარჯები არ გამოიქვითება არცერთ ნორმალურ საგადასახადო რეჟიმში). ამ რეფორმის მიზანი იყო ბიზნესებისთვის სტიმულის შექმნა, რათა მოგება კომპანიაშივე დაეტოვებინათ ან რეინვესტიცია განეხორციელებინათ. რამდენადაც რეინვესტირება მნიშვნელოვანი საზრუნავი იყო, ახალმა საგადასახადო რეჟიმმა საშუალება მისცა კომპანიებს, მყისიერად გამოექვითათ განხორციელებული კაპიტალური დანახარჯები. ამან და კიდევ იმ ფაქტმა, რომ გაუნაწილებელი მოგება აღარ იბეგრებოდა, დადებითად იმოქმედა კომპანიების ფულად ნაკადებზე და ესტონურ კორპორაციებს საშუალება მისცა, მარტივად გამკლავებოდნენ მძიმე დღეებს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რეინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის ღირებულების ზრდას, ესტონეთმა შემოიღო 21%-იანი გადასახადი განაკვეთი ქონების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებულ კაპიტალურ სარგებელზე. თუმცა 2011 წლის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო გაემარტივებინათ. შესაბამისად, კაპიტალურ სარგებელზე გადასახადი მოიხსნა, თუკი ის სპეციალურ საინვესტიციო ანგარიშზე ჩაირიცხებოდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრებოდა, თუ ამ ანგარიშიდან გამოიტანდნენ.

ესტონური მოდელის შეფასება

იხილეთ გაგრძელება