საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ეროვნული ბანკის საქმეზე მთავრობა მოპასუხე მხარეს აღარ წარმოადგენს

საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე არსებითი განხილვა განახლდა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან ერთად მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ, პლენუმს შუამდგომლობით მიმართეს აღარ ყოფილიყვნენ მოპასუხე მხარე.

როგორ მთავრობის წარმომადგენელმა ბექა დოჭვირმა სხდომაზე განმარტა, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური კომპეტენცია არ დაირღვევა. პლენუმის მოსამართლეებმა მთავრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ამ წუთებში პლენუმი მოპასუხე მხარის, პარლამეტის მიერ მოწვეულ სპეციალისტს გოჩა თუთბერიძეს უსმენს.

მოსარჩელე მხარე, თავისუფალი დემოკრატების" და "ნაციონალური მოძრაობის" 39 დეპუტატი არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო" შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე. პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.