გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა

გიორგი ქადაგიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა და ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გიორგი ქადაგიძემ თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს ბანკში გატარებული წლებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.